ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 30 აპრილიდან 4 მაისამდე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების განხილვისა და ახალი ინიციატივების წარდგენის მიზნით, - ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"30 აპრილს, ბატონი კოოპმანი სომხეთს ეწვევა. მისი ვიზიტი უშუალოდ მოსდევს ევროკავშირი– აშშ–სომხეთის 5 აპრილის მაღალი დონის შეხვედრას და სომხეთისთვის მედეგობის და ეკონომიკური ზრდის გეგმის გამოცხადებას. ვიზიტის დროს, გენერალური დირექტორი ისაუბრებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის სექტორული თანამშრომლობის გაზრდასა და ევროკაშვირის ინვესტიციებზე, ასევე, ევროკავშირის დახმარებაზე რეფორმების განხორციელებასა და დევნილთა ინტეგრაციაში. ბატონი კოოპმანი შეხვდება სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, მთავრობის წევრებს, მათ შორის ვიცე–პრემიერებს მჰერ გრიგორიანს და ტიგრან ხაჩატრიანს, ეროვნული ასამბლეის წევრებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს; ბატონი კოოპმანი, ასევე, გახსნის ევკროკაშირისა და გერმანიის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და მდგრადი ენერგოინიციატივების განხორციელებაა.
1-ელ და 2 მაისს, ბატონი კოოპმანი საქართველოს ეწვევა და ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ბატონი კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობისა წევრებს, მათ შორის, ვიცე–პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის, ასევე ,შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში. ბატონი კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
3 და 4 მაისს, ბატონი კოოპმანი ეწვევა აზერბაიჯანს, რომ განიხილოს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონულ კავშირებისა და განახლებადი ენერგიების სექტორებში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის COP29 კონტექსტში, რომელსაც ნოემბერში აზერბაიჯანი უმასპინძლებს. გენერალური დირექტორი შეხვდება მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაევს და ციფრული განვითარების და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს. გენერალური დირექტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გახსნის "ევროპის გუნდის" ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანში ჭურვების გაუვნებელყოფაზე იქნება მიმართული და დაეხმარება შესაძლებლობების გაზრდას, ჭურვებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცოდნის გაზრდას და მსხვერპლთა მეტ ხელშეწყობას. ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, გენერალური დირექტორი, ასევე, გახსნის ევროკავშირის დახმარების პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო საწაროებისთვის საფინანსო ჩართულობის გასაუმჯობესებლად", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.