16 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 117-მა წევრმა.

დღევანდელ სხდომაზე ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 16 წინააღმდეგი; მაია ზარიძე – 81 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 81 მომხრე, ორი წინააღმდეგი; გია ცაცაშვილი – 81 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად კენჭისყრა 16 აპრილსაც გაიმართა, თუმცა კანდიდატებმა საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს. როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანდიდატებს პარლამენტის 91 წევრის მხარდაჭერა ჰქონდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, უმრავლესობის რამდენიმე წევრი სხდომას ვერ ესწრებოდა. შალვა პაპუაშვილმა დღესაც განმარტა, რომ მივლინების გამო, აღნიშნული 91 დეპუტატიდან ყველა ახლაც არ იმყოფება დარბაზში.

"საარჩევნო კოდექსში" დამტკიცებული ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე საჭიროა 90 ხმა, იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კანდიდატებს 76 ხმით აირჩევენ. წარდგენილი კანდიდატებისთვის შესაძლებელია 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ, რის შემდეგაც 76 ხმით არჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში 76 მხარდამჭერი ხმა ვერ მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

დღის ამბები