საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სახელისუფლებო გუნდის საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი პოლიტიკური დიალოგისთვის და საკონსტიტუციო ცვლილებების საშემოდგომო სესიამდე განხილვისთვის მზად არის.
„ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის, შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო, ვინაიდან საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა სტრასბურგში ვიზიტამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
არჩილ თალაკვაძეს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის კონკრეტული დრო და თარიღი არ დაუსახელებია.