14 ოქტომბერი 2024,   11:42
ვრცლად
მოშიმშილეთა აქცია - საქართველოს რკინიგზასთან დღეს ისევ ხმაური იყო

საქართველოს რკინიგზასთან დღეს ისევ ხმაური იყო. გაფიცულ რკინიგზელებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კარვის გაშლის საშუალება ისევ არ მისცეს. 

საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან ამ წუთებში ვითარება განმუხტულია. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი მორიგეობს. ასევე ადგილზე რჩება 8 მოშიმშილე რკინიგზელი.

გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები უკვე მესამე დღეა, შიმშილობენ. დღეს მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი დაემატა - აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზის ორი მაღალჩინოსნის გადადგომას ითხოვენ.

რკინიგზის თანამშრომლები აცხადებენ, რომ შიმშილობას მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება.

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნანა კლარჯეიშვილმა, იმ პირზე გააკეთა კომენტარი, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს რკინიგზის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა.

საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ ვახტანგ ცისკარიშვილის მისამართით ზეწოლა არ ყოფილა და მან საქართველოს რკინიგზის შეთავაზებაზე თანხმობა საკუთარი სურვილით განაცხადა.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე, ამბობს, რომ  საქართველოს რკინიგზა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მორგების ნაცვლად, დაკავებულია გარკვეული პირების ინტერესების მომსახურებით.

დღის ამბები