მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ისევ ავტობუსით გაემგზავრება. გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან კონსულტაციის შედეგად ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ ინფორმაციას უკრაინული მედიაც ავრცელებს.
„მე წავალ უკრაინის საზღვარზე, გავესაუბრები მესაზღვრეებს და ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების უფლებისთვის. ამ ყველაფერზე მე უარს არ ვიტყვი, ასეთ საჩუქარს პოროშენკოს არ გავუკეთებ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მატარებლით გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლების დავალებით, მატარებელს გამგზავრება აუკრძალეს, სანამ სააკაშვილი მას არ დატოვებდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მატარებელი დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ მას არ სურდა სხვა მგზავრებისთვის პრობლემების შექმნა.
რომელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აპირებს მიხეილ სააკაშვილი პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას, უცნობია. მისი თქმით, ის დღესვე, ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება საზღვრის გადაკვეთას.