03 მაისი 2024,   14:31
ვრცლად
„ერთპარტიული, ოლიგარქიული კონსტიტუცია"- ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს და აცხადებს, რომ მმართველმა გუნდი ერთპარტიულ კონსტიტუციას ქმნის. ოპოზიციის წევრების თქმით, ამ კონსტიტუციას პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება.

„ერთპარტიული, ოლიგარქიული კონსტიტუცია სახალხო კონსტიტუციის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ეს იქნება კონსტიტუცია, რომელსაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება. ის არის მიღებული ერთი ძალის მიერ, შესაბამისად, არა ხალხის და ქვეყნის, არამედ ერთი მუჭა პოლიტიკანების და მათი პატრონის, ოლიგარქი ივანიშვილის ინტერესს არის მორგებული,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრობის“ წევრმა, ნიკა რურუამ.

საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის პოზიცია უგულებელყო.

„ჩვენმა მთავრობამ, უგულებელყო ვენეციის კომისიის პოზიცია, ქართული პოლიტიკური სპექტრის პოზიცია, სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია და უარს აცხადებს, ქართველ ხალხს ჰკითხოს პლებისციტით სადაო საკითხებზე აზრი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ცნობილია. პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტი, რომელსაც რამდენიმე თვეა ელოდნენ, ერთი საათის წინ მიიღო.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა დადებითია და კომისიის წევრებმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პოზიტიურად შეაფასეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები