04 თებერვალი 2023,   16:15
ვრცლად
ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელმძღვანელობას პასუხობს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ახალგორის რაიონში, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს. ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, პუნქტის გახსნის მიზანი, ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლია.

მურატ ცხოვრებოვის განცხადებას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე ვერანაირი საზღვარი ვერ გაიხსნება, რადგან საქართველოს რუსეთთან საზღვარი არა საოკუპაციო ხაზთან, არამედ კავკასიონის ქედზე აქვს.

„საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე ბუნებრივია, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ აქ არ გახლავთ საზღვარი. საქართველოს საზღვარი გააჩნია რუსეთთან კავკასიონის ქედზე. ჩვენთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება და ტვირთბრუნვა კი არ შეიზღუდოს, არამედ გამარტივდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს და ე.წ. ფორმულირებებს, რომ აქ შეიძლება იყოს საბაჟო, ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით არის შეუძლებელი, არალეგიტიმური, ვინაიდან, საქართველოს საზღვარი აქ არ გააჩნია," - განაცხადა ციხელაშვილმა.

მურატ ცხოვრებოვის თქმით, წლების განმავლობაში საქართველოდან შეტანილი ტვირთი საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალი იყო და საბაჟო პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება ტვირთების მოცულობის მონიტორინგის შედეგად მიიღეს. მისი თქმით, გახსნისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია განსახილველად ცხინვალშია გადაგზავნილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები