27 დეკემბერი 2024,   05:01
ვრცლად
გახშირებული ყაჩაღობა ახალქალაქში - მოსახლეობა პოლიციის მხრიდან კრიმინალების მფარველობაზე საუბრობს

ახალქალაქის მცხოვრებლები გახშირებულ ყაჩაღობებზე საუბრობენ. კურიერმა ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ყაჩაღობის ამსახველი კადრები მოიპოვა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ როგორ ესხმიან თავს მოქალაქეს, ერთი პირი თავში ურტყამს არმატურას და დიდი ოდენობით ფულს სტაცებს.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, არავინ დაუკავებიათ. დაზარალებული შეშინებულია და კამერების წინ გამოჩენა არ უნდა.

აღასიმ კარაბეკიანის სახლიდან მძარცველებმა 100 ათასი ლარის ოქრო და ნაღდი ფული წაიღეს. კარაბეკიანი კურიერს უყვება, რომ მათ ქალაქში ყაჩაღობის გახშირებული შემთხვევების შემდეგ ვეღარ გაუგია, სად ცხოვრობს, დაცულ ქვეყანაში თუ განგსტერების დასახლებაში.

ახალქალაქში ეჭვი აქვთ, რომ სახლებიდან, ჯამში, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ოქრო და ნაღდი ფული იმ კრიმინალურმა დაჯგუფებამ წაიღო, რომელსაც პოლიცია მფარველობს.

მოსახლეობის მხრიდან მოყოლილ ფაქტებზე სასაუბროდ და ოფიციალური კომენტარის გასაკეთებლად კურიერისთვის ახალქალაქის პოლიციის უფროსს არ ეცალა.

ახალქალაქში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახშირებული ძარცვის შემთხვევების შესახებ ხშირად იწერება ადგილობრივ მედიაშიც. სააგენტო ჯეი ნიუსის რედაქტორი, რიმა ღარიბიანი, ყვება, რომ დაზარალებულების უმეტესობა დაშინებულია და პრესასთან არ საუბრობს. 

დღის ამბები