27 დეკემბერი 2024,   05:07
ვრცლად
ე.წ. ოდეერის მექანიზმის ვაფასებთ, როგორც 2015 წელს მიღწეული სტანდარტის მნიშვნელოვნად გაუარესებას - სოფო ვერძეული

„სამწუხაროდ, ამ ინიცირებული პაკეტის ნაწილი არ არის საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება უსაფრთხოების სამსახურზე,“ – ეს განცხადება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.

„იმ პირობებში, როდესაც ძალიან დიდი უფლებამოსილება ენიჭება სუს-ს და მისი ანგარიშვალდებულება, საპარლამენტო კონტროლიც არის ძალიან სუსტი, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პრობლემას გამოიწვევს,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ქართულ მხარეს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დაბალანსების და კონტროლის უფრო ძლიერი სისტემის შექმნისკენ მოუწოდებენ.

სოფო ვერძეულის თქმით, ასევე პრობლემურია ე.წ. ოდეერების მექანიზმი.

„კონკრეტული საკითხები კანონპროექტში ასევე, არის პრობლემური, მაგალითად, ე.წ. ოდეერის მექანიზმი, რომელიც გარკვეული ფორმით ბრუნდება კანონმდებლობაში, ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც 2015 წელს მიღწეული სტანდარტის მნიშვნელოვნად გაუარესებას, როდესაც შეიზღუდა ოდეერების გამოყენება. პირველ რიგში, უნდა თქვას, რომ არანაირი დასაბუთება ამ მექანიზმის აღდგენასთან დაკავშირებით კანონპროექტში წარმოდგენილი არ არის,“ - განაცხადა ვერძეულმა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, განმარტავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების და დაზვერვის სამსაუხირების ფუნქციები განსხვავებულია და სისტემის ეფექტურად მუშაობისთვის მათი დამოუკიდებლად მუშაობაა აუცილებელი. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტოკრატიულ მმართველობას დაემსგავსება, სადაც მსგავსი სისტემა მხოლოდ რეჟიმის უსაფრთხოებას ემსახურება.

"კონტროლში არ იგულისხმება მარტო კონტროლი იგივე, ოპერაციული ანუ როგორ განისაზღვრება ამ უწყებების საქმიანობა, ვინ უსაზღვრავს მათ პოლიტიკურ ამოცანებს, რა საკითხებზე უნდა იმუშაონ და შემდეგ უკვე კონკრეტული ღონისძიებების შედეგად როგორ აიან ისინი ანგარიშვალდებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ," - განაცხადა ქუთელიამ.

ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მმართველობის სფეროში უსაფრთხოების სამსახურების როლის გაზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ხელისუფლებამ სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი უნდა უზრუნველყოს.

დღის ამბები