27 დეკემბერი 2024,   04:36
ვრცლად
რა ნივთებს ატარებენ მოსწავლეები სკოლაში, მონიტორინგი არ ხორციელდება - ნინო კვიტაიშვილი

„სისტემები არის დამნაშავე. მათ დროულად არ მიიღეს პრევენციული ზომები, არ მოხდარა მანდატურების მასობრივი გადამზადება, დამრიგებლის ინსტიტუტის გაძლიერება, თუნდაც, ბულინგის აღმოფხვრის მიმართულებით,“ - ამის შესახებ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში ზოგადი განათლების დეპარტამენტის ყოფილი უფროსმა, ნინო კვიტაიშვილმა, გააკეთა.

ის ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომლის შედეგად 51-ე საჯარო სკოლის 2 მე-11კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა.

ნინო კვიტაიშვილის თქმით, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.

მისი განცხადებით, საინტერესოა, რამდენად იყვნენ ინფორმირებულები პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეების მშობლები, მასწავლებლები, რომ მათი ბავშვები არ იმყოფებდნენ გაკვეთილებზე და ისინი 51-ე სკოლის ტერიტორიაზე იყვნენ. კვიტაიშვილის თქმით, არ ხორციელდება მონიტორინგი, თუ რა ნივთებს ატარებენ მოსწავლეები სკოლაში. 

„ჩხრეკა არ ხორციელდება. არანაირი მონიტორინგი, რა ნივთებს ატარებენ მოსწავლეები სკოლაში, არ ხორციელდება. არავინ მოზარდის ჩანთას, ჯიბეს არ აკონტროლებს,“ - აღნიშნა კვიტაიშვილმა. 

ნინო კვიტაიშვილმა გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს მიუსამძიმრა. მან აღნიშნა, რომ ტრაგედიამდე უნდა მომხდარიყო ძალადობის პრევენცია. კვიტაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსწავლეები ბულინგს ძალიან ხშირად აწყდებიან და ამას მასობრივი ხასიათი აქვს. 

„როცა არასრულწლოვნების გარდაცვალებასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ მაშინ იწყება პრევენციაზე საუბარი. უამრავი ბერკეტი, საშუალება, რესურსი არსებობდა, რომ პრევენციული ზომები ბევრად უფრო ადრე დაწყებულიყო და სკოლებში სამართლებრივი კულტრის განვითარებისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით წარმართულიყო საქმიანობა. აქტიურ თანამშრომლობა უნდა იყოს მანდატურის სამსახურთან, მნიშვნელოვანი კომპონენტია უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი,“ - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები