27 დეკემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ამ ქვეყანაში ძალადობენ ოჯახში ბავშვებზე, კლავენ ქალებს მამაკაცები და ამას დამცავი მექანიზმები არა აქვს - ფსიქოლოგი

„ამ ქვეყანაში იყო ე.წ. "ქართული მარში", ამ ქვეყანაში აწამებდნენ ადამიანებს, ამ ქვეყანაში შემდეგ ამ წამების კადრებს აჩვენებდნენ მოსწავლეებს, ამ ქვეყანაში ძალადობენ ოჯახში ბავშვებზე, ამ ქვეყანაში კლავენ ქალებს მამაკაცები და ამას მაინცდამაინც დიდი დამცავი მექანიზმები არ აქვს,“ - ასე აფასებს ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევის სავარაუდო გამომწვევ ფაქტორებს.

მაია ცირამუა ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაზე განსხვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს და ძალადობასთან გამკლავების გზებზე საუბრობს.

მან სახალხო დამცველის ანგარიშიც მოიყვანა მაგალითად, სადაც სკოლაში არსებულ ძალადობრივ გამოვლინებებზეა საუბარი. მან აღნიშნა, რომ კვლევაში მოყვანილია, რომ სკოლებში ბულინგი გავრცელებულია, თუმცა, მასწავლებლები ამ პრობლემაზე ყურადღებას არ ამახვილებენ.

„კვლევაში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემი, 89 სკოლაში ჩატარდა და გამოკითხული პედაგოგების მხოლოდ 3 პროცენტი, თუ არ მეშლება ეს რიცხვი, იცნობს ძალადობის შემთხვევების რეფერირების პროცედურას,“ - აცხადებს ცირამუა და განმარტავს, რომ, როდესაც მასწავლებელი ვალდებულია, თუკი ის ხედავს ძალადობის გამოვლინებას, შესაბამისი სტრუქტურები საქმის კურსში უნდა ჩააყენოს.

მისი თქმით, ძალადობის პრევენციისთვის მეტი ინფორმირებულობაა საჭირო და რამდენიმე სტრუქტურა ერთობლივად უნდა მონაწილეობდეს.

„ზოგადად ის, რაც მოხდა, ეს არ ლაპარაკობს მხოლოდ ოჯახზე, არ ლაპარაკობს მხოლოდ განათლების სისტემაზე, არამედ ეს ლაპარაკობს, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაზე. იმაზე, რაშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, იმ ძალადობრივ, ღირებულება დევალვირებულ გარემოში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, სადაც ძალადობა არის წახალისებული ყველა დონეზე, იქნება ეს საპარლამენტო დარბაზი, იქნება ეს ქუჩა, თუნდაც, სატელევიზიო აუდიტორიები და სტუდიები, ეს არის ის, რაშიც დღევანდელი ახალგაზრდები ჩხუბობენ,“ - განაცხადა მაია ცირამუამ.

დღის ამბები