08 დეკემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ყოფილი პოლკოვნიკი "ქართული ოცნების" მოქმედ დეპუტატს ქვეყნიდან გაძევებაში ადანაშაულებს

საქართველოს უკვე ყოფილი მოქალაქე, რობერტ ჯაღაცპანიანი, მოქალაქეობის აღდგენას და ქვეყანაში ცხოვრების უფლების დაბრუნებას ითხოვს.

ეთნიკურად სომეხი რობერტ ჯაღაცპანიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობდა და მის სახელს ბევრი სახელმწიფოებრივი საქმე უკავშირდება. მათ შორის ის მონაწილეობდა აფხაზეთის ომში; პატრონობდა რეგიონში ჩასახლებულ ეკო-მიგრანტებს; პატრონობდა ჯერ კიდევ 1090-იან წლებში ფოკას მონასტერში დასახლებულ სამ მონაზონს, რომლებიც სრულიად მარტო აღმოჩნდნენ არაქართულენოვანი და არამართლმადიდებელი მოსახლეობის პირისპირ; ასევე 1990-იან წლებშივე ნინოწმინდის რაიონში მან გახსნა 9 აპრილის მემორიალი. 

ეს ადამიანი დღეს პენსიონერია, მაგრამ იძულებულია, სომხეთში იცხოვროს და საქართველოში ვეღარ ბრუნდება მას მოქალაქეობა მოულოდნელად ჩამოართვეს. ერთ დღეს, როდესაც ის სომხეთიდან ბრუნდებოდა, მას საზღვარზე უთხრეს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და სამშობლოში არ შემოუშვეს.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის რეალური მიზეზი ქართული ოცნების დეპუტატთან დაპირისპირება გახდა. პენსიაზე გასული პოლიციის პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან, ოჯახური კონფლიქტი აქვს, რომელიც 20 წელია, გრძელდება.

რობერტ ჯაღაცპანიანი ვარაუდობს, რომ ის სახელმწიფო სტრუქტურებსა და თანამდებობის პირებს იყენებს და მასსა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლას ახორციელებს.

თავად დეპუტატი კომენტარისგან თავს იკავებს. 

 

 

ავტორი: გიორგი გვიშვიანი

დღის ამბები