27 დეკემბერი 2024,   05:23
ვრცლად
დღიურ საკვებად მხოლოდ ლარი და 18 თეთრი - "ენმ"-ის ინიციატივა უფასო სასადილოებთან დაკავშირებით

უფასო სასადილოებზე გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების ფონზე, სასადილოების ბენეფიციარები ისედაც 1 ლარად და 18 თეთრად იკვებებიან დღეში, რაც აქამდეც არასაკმარისი იყო.

მისვე თქმით, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, თანხის გაზრდის მოთხოვნით ოპოზიციამ კახი კალაძეს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ მერიას გამოცხადებული ტენდერების შეჩერებას და თავიდან, გამჭვირვალედ ჩატარებას სთხოვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნები, რომ გაზრდილიყო სასადილოების დაფინანსება, მან როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ 1 ლარი და 18 თეთრი არის საკმარისი ყველაზე გაჭირვებული ადამიანების დღიურ გამოსაკვებად და მან ვერ გაიმეტა, როგორც ჩანს, ვერცერთი თეთრი ყველაზე გაჭირვებული ჩვენი თბილისელებისთვის. მან გამოაცხადებინა ყველა გამგეობას ტენდერები, 27 ნოემბერს, სადაც ჩანს, რომ მომავალ წელსაც ეს 40 ათასი ბენეფიციარი ისევ 1 ლარი და 18 თეთრით გამოიკვებება. ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ კახი კალაძეს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს სამარცხვინო ტენდერები,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ოპოზიციას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა.

„რაც იყო წლევანდელ ბიუჯეტში, ის თანხები არის გათვალისწინებული, თუმცა სამომავლოდ, თუ რაიმე ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თანხები მიემართება ამ მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ზოგადად, ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები