06 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
ე.წ. ნდობის ჯგუფის ფარგლებში სუს-ის უფროსის მოსმენასთან დაკავშირებით ოპოზიციას და მმართველი გუნდის შეხედულებები განსხვავებულია

„ნდობის ჯგუფში საუბარიც მე არ მგონია, რომ ბოლომდე ყველა კითხვას გასცემს პასუხს, თუმცა საწყისისთვის ვფიქრობ, აუცილებელია,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციის ე.წ. ნდობის ჯგუფის ფარგლებში განხილვასთან დაკავშირებით გააკეთა.

ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღეს ვახტანგ გომელაური პარლამენტარების კითხვებს უპასუხებს. სუს-ის უფროსი ე.წ. ნდობის ჯგუფის დეპუტატებს საღამოს 09:00 საათზე შეხვდება.

„აბსოლუტურად უსაფუძვლო პრეტენზიაა, იმიტომ რომ საქართველო არ არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია ამ პროცესებში. ჩვენი მოკავშირე ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, თურქეთი, ერთობლივ ძალისხმევას მიმართავენ იმისათვის, რათა სურათი ნათელი იყოს და გარდა ამისა, ჩვენმა ოპონენტებმა კარგად უნდა იცოდნენ და თუ არ იციან სერიოზული პრობლემა, რომ პროცესები შეიძლება ლოკალურად იქნეს განხილული. აქედან გამომდინარე, ნდობის ჯგუფში საუბარიც მე არ მგონია, რომ ბოლომდე ყველა კითხვას გასცემს პასუხს, თუმცა საწყისისთვის ვფიქრობ, აუცილებელია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამობენ, რომ ეს ფორმატი არასრულყოფილია და საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხი საჯარო უნდა გაეცეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობის ჯგუფში არ ჰყავს წარმომადგენელი.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ე.წ. ნდობის ჯგუფში ამ საკითხის განხილვას საქმის „მიჩქმალვის“ მცდელობას უკავშირებს.

„ეს არ არის განსახილველი ნდობის ჯგუფის ფორმატში. თუკი, მაინცდამაინც, დახურული რეჟიმით უნდათ ამის მოსმენა, არსებობს იურიდიული კომიტეტი, სადაც შესაძლებელია, რომ მომხდარიყო ანალოგიური მსჯელობა... ნდობის ჯგუფში ამის ჩაკეტვა ნიშნავს ამ საკითხის მიჩუმათებას, მიჩქმალვას და ფაქტობრივად, მისი აქტუალიზაციის შემცირებას,“ - განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი კი აღნიშნავს, რომ სუს-ის უფროსმა საჯაროდ უნდა გასცეს პასუხი, როგორ მოახერხეს ჩატაევმა და მისმა ჯგუფმა საქართველოში ჩამოსვლა.

„არის კითხვები, რომლებზეც არ უნდა იყოს საჯაროდ განხილვა, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება საკმაოდ მწვავე კითხვები და მათ უნდა ჰქონდეთ სრული განცდა იმისა, რომ ხდება საზოგადოებრივი კონტროლი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები