07 დეკემბერი 2024,   05:22
ვრცლად
დიმიტრი მედოევი ბრიუსელში - ევროპარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობა ფორუმს რუსულ პროვოკაციად აფასებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ევროპარლამენტში რუსულ ფორუმს ესწრებოდა. დიმიტრი მედოევი ბრიუსელში რუსულ ფორუმზე ევროპარლამენტის წევრმა, პრორუსული შეხედულებებით ცნობილმა ტატიანა ჟდანოკმა მიიწვია.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი დიმიტრი მედოევი ამტკიცებს რომ ბრიუსელში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტით ჩავიდა, რადგან მას სხვა სამგზავრო დოკუმენტი არ გააჩნია.

ფორუმზე, სადაც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების საკითხებზე მსჯელობდნენ, ერთ-ერთი მთავარი სტუმარი რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, კონსტანტინე ზატული იყო. საოკუპაციო რეჟიმების ინტერესებს კი ევროპარლამენტის შენობაში, იტალიის პარლამენტი ყოფილი წევრი და ცხინვალი რეჟიმის ლობისტი ევროპაში ჯულიეტო კიეზა იცავდა.

ევროპარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობა კი დღევანდელ ფორუმს რუსულ პროვოკაციად აფასებს. ევროპარლამენტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს მისი ორგანიზატორი და დასავლური ღირებულებების ღალატში დაადანაშაულეს.

რუსული ფორუმის პარალელურად, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეაც მიმდინარეობდა, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები ესწრებოდნენ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ევროპაში ეს პირველი ვიზიტი არ არის.

დღის ამბები