პალესტინის ქალაქები არეულობამ მოიცვა. მოსახლეობა დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებს. უკვე რამდენიმე საათია, დემონსტრანტებსა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქებში - რამალაში, ბეთლემში, ჰებრონსა და იერუსალიმშიც.
ორივე მხრიდან არიან დაშავებულები. ისრაელმა პალესტინურ დასახლებებში არმიის დამატებითი ქვედანაყოფები გაგზავნა. არაბებმა ხვალინდელი დღე შავ პარასკევად გამოაცხადეს. ჰამასი მუსლიმებს ახალი ინტიფადის დაწყებისკენ მოუწოდებს.
„ამერიკელების გადაწყვეტილება არის აგრესია. ამით მათ ომი გამოუცხადეს პალესტინელ ხალხს, მუსლიმებსაც და ქრისტიანებსაც. სიონისტი მტრის წინაშე ვდგავართ და უნდა ვიმუშაოთ ინტიფადის დასაწყებად. პალესტინელებმა უნდა გამოხატონ თავიანთი სიბრაზე და ერთგულება, იერუსალიმში საკუთარი მარადიული უფლებების დასაცავად,“- განაცხადა მოძრაობა "ჰამასის" ლიდერმა.