26 დეკემბერი 2024,   17:03
ვრცლად
გარდაცვლილი მსაჯის ახლობლები დროულ გამოძიებას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ

ილია ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მის თანასოფლელებსა და ახლობლებს. ოჯახის წევრების მსგავსად, რომლებიც გამორიცხავენ მსაჯის მხრიდან თვითმკვლელობას, ილია ტუღუშის მეზობლებიც ეჭვობენ, რომ მომხდარი უკავშირდება გარდაცვლილის პროფესიულ საქმიანობას. კონკრეტულად კი ბოლო თამაშს, რომელიც ლანჩხუთის "გურიის" წაგებით დასრულდა.

„რატომ უნდა მოეკლა თავი, რამეში დამნაშავე იყო თუ რა?“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი ჯუმბერ ურუშაძე.

მეზობლები აცხადებენ, რომ გამოძიებამ კითხვებს, რომელიც ამ საქმეზე არსებობს, პასუხი უმოკლეს დროში უნდა გასცეს.

„გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, რანაირად დავადანაშაულო მე. ფეხბურთთან რომ არის დაკავშირებული ყველა ამაზე საუბრობს,“ - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

სოფელ ჩოჩხათში გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. კახა ასკურავა გარდაცვლილის თანასოფლელების მსგავსად, ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.  

„ოჯახი არის ტრავმირებული, ოჯახი არის ტრაგედიაში ჩავარდნილი და ამ ოჯახს უნდა კონკრეტული პასუხები თუ რა მოხდა ამ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კახა ასკურავამ.

ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტზე ოფიციალურად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ტუღუში მოკლულია და მკვლელობა ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება.

მსაჯის მეუღლის ინფორმაციით, ილია ტუღუშს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში სამმა პირმა მოაკითხა, რომლებიც მას ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.

ილია ტუღუში ჩამომხრჩვალი ტყეში გუშინ იპოვეს. საქმეს ფოთის პოლიცია იძიებს, თუმცა სამართალდამცავები არ საუბრობენ, დაიკითხნენ თუ არა ის პირები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დაასახელეს. 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები