27 დეკემბერი 2024,   05:03
ვრცლად
ქვეყანაში გახშირებული ძალადობის ფაქტებს პრეზიდენტი გამოეხმაურა

ქვეყანაში გახშირებული ძალადობის ფაქტებს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარი ძალადობის ფაქტები დაგმო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ძალადობა საზოგადოებაში ფეხმოკიდებულია, რასაც მოსდევს ტრაგიკული ფაქტები.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც ჩვენი საზოგადოება ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეეჯახა კატასტროფას, სამი ახალგაზრდის მოკვდინებისა, მკვლელობის და ის რეაქცია, რაც ჩვენ ამას მივეცით, როგორც საზოგადოებამ, ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ უფრო უნდა გავიაზროთ თოთოეული მოქალაქის როლი, რა როლს ვთამაშობთ, როგორც ერთიანი საზოგადოებრივი სხეულის შექმნის პროცესში“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ რელიგია, რომლის ორი ფუნდამენტური ღირებულება არის ის, რომ „გიყვარდეს მტერი შენი“ და „ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს“, საზოგადოებამ „ერთმანეთისთვის თავში ტაბურეტის ჩარტყმის საშუალებად“ აქცია.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებას ეს აგრესია მოსწონს და მაგალითად, საკუთარი გამოსვლები მოიყვანა, როდესაც ხალხს მისი მხრიდან აგრესიული განცხადებები მოსწონს.

"მე გეტყვით სამწუხარო რეალობას, რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ საზოგადოებისთვის,"- აღნიშნა მარგველაშვილმა. 

მიღებას პრეზიდენტის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები და ძალადობის მსხვერპლი ქალბატონებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები