07 დეკემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ესტონელი პარლამენტარების მოწოდებას ქართველი კოლეგები ეხმაურებიან 

ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ესტონეთის პარლამენტის მოწოდებას ქართველი კოლეგები ეხმაურებიან.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროსასამართლოს მიერ დადგენილია გარკვეული მუხლების დარღვევა, თუმცა იქ საუბარი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ არის.

„სტრასბურგის სასამართლოს აღსრულების თემაზე მინისტრთა კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტი დაადგენს იმ ზომებს თუ რა უნდა განახორციელოს საქართველომ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ჩაითვალოს შესრულებულად,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს კანონის უზენაესობა და არა პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც ეს გამოჩნდა ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამას მოგვიწოდებენ არა ის ადამიანები, ვინც ვთქვათ სკეპტიკურად არიან განწყობილი, არამედ სწორედ ის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც თვითონ უზარმაზარი წვლილი მიუძღვით საქართველოს წარმატებაში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ესტონელი პარლამენტარების მოსაზრებას იზიარებენ და პარტია და ყველა მოქალაქე ითხოვს, რომ დასრულდეს პოლიტიკური დევნა.

„პირველი იყო იანუკოვიჩი, რომელმაც არ გაათავისუფლა იულია ტიმოშენკო და ამას მოჰყვა მაიდანი და მეორე იქნება ივანიშვილი და მისი რეჟიმი საქართველოში, რომელიც გვეუბნება, თვალში ნაცარს გვაყრის და ამბობს, რომ თურმე არაფერს ნიშნავს ევრო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება და გაცილებით მნიშვნელოვანია, რას იტყვის წულუკიანის და მურუსიძის სასამართლო,“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა. 

დღის ამბები