27 დეკემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ერთ ღამეში გაქურდული ავტომანქანები, მაღაზიები და ბანკები - გახშირებული კრიმინალი დედაქალაქში

გახშირებული კრიმინალი დედაქალაქში და ერთ ღამეში გაქურდული ავტომანქანები, მაღაზიები და ბანკები - თბილისში ბოლო დღეებში ყაჩაღობის რამდენიმე ფაქტი მოხდა.

კერძო პირების ავტომანქანების გარდა, ქალაქის ცენტრში „ნიკორას“ მაღაზია გაქურდეს, გლდანში კი „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

ამ დროის მონაცემებით, თავდამსხმელები დაკავებულები არ არიან.

„კომედი შოუს“ მსახიობი ვასო ფხაკაძე „კურიერს“ უყვება, რომ ბოლო სამ თვეში მანქანა სამჯერ გაუტეხეს. ასევე, აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედების მსხვერპლი არა ერთხელ მისი მეზობლებიც გახდნენ.  

ძარცვის მსხვერპლი გახდა მოდელი მანიკა ასათიანიც, რომლის ბინაც გაქურდეს და ძვირფასეულობა წაიღეს.

გლდანში კი „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი გუშინ დილით დააყაჩაღეს. ამ დროს შენობაში ბანკის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ძარცვაში 1 პირი მონაწილეობდა. თავდამსხმელი დაკავებული არ არის.

„ნიკორას“ მაღაზიის თანამშრომლები ძარცვის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, მენეჯერმა კამერის წინ ამ ფაქტის შესახებ საუბარი არ ისურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზე არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები