08 დეკემბერი 2024,   19:20
ვრცლად
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა - ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ უჭერს

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. ქვეყნის მთავარ კანონს დეპუტატები კკენჭს ხვალ უყრიან. საუბარია საკონსტიტუციო რეფორმით მიღებული ბონუსების სისტემის გაუქმებაზე, საარჩევნო ბლოკების, ერთჯერადად, 2020 წლისთვის შენარჩუნებაზე, შესწორებებზე აღმსარებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მუხლებში, ასევე, პრეზიდენტის არჩევის მუხლში ტერმინოლოგიურ ცვლილებებზე.

ცვლილებებს მხარს არ უჭერს უმცირესობა და მმართველ გუნდს აკრიტიკებს.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების გამო აკრიტიკებს.

აბესაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ არსებული სიტუაცია სწორად შეაფასა, როდესაც აღნიშნა, რომ „ამ პროცესში მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა“. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა, რადგან არ გაითვალისწინა ფართო სამოქალაქო საზოგადოების აზრი.

„ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარ პრობლემად და მთავარ გამოწვევად, რაც მომავალში პრობლემებს შეუქმნის ამ ქვეყნის განვითარებას, საბოლოო ჯამში, დარჩება თქვენი ახირებული პოზიცია, არ მოგესმინათ ოპოზიციისთვის და მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად განგეხორციელებინათ ეს ცვლილებები,“ - განაცხადა აბესაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საბოლოო პროექტით, საქართველო დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას მიიღებს.

„ამ ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება იმის თავიდან არიდება, რაც ჩვენ ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა ჯერ 90-იანი წლებიდან, შემდეგ განსაკუთრებით 2004 წლის შემდეგ, საუბარი მაქვს ნახევრად ავტორიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებზე, რომელიც იყო ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული საქართველოში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები