27 დეკემბერი 2024,   03:38
ვრცლად
საკრებულოს ოპოზიციისთვის თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის დოკუმენტი მიუღებელია

დედაქალაქის საკრებულო, 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. საფინანსო დოკუმენტის კორექტირებული ვერსია, საკრებულოს დეპუტატებს კახა კალაძემ გადაუგზავნა.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი იქნება 861 მილიონი ლარი, აქედან 60 მილიონი დედაქალაქის მერიამ ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღო, ტრანსფერის სახით.

2018 წლის ბიუჯეტის დოკუმენტი მიუღებელია საკრებულოს ოპოზიციისთვის. პარტიაში აცხადებენ, რომ თბილისში საცობების, სოციალური და დასაქმების პრობლემები ისევ მოუგვარებელი დარჩება. ოპოზიცია მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. 

„თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, არაფრით არ განსხვავდება არსებითად, დავით ნარმანიას ძალიან ცუდ ბიუჯეტებს. ეს არის ბიუჯეტი, სადაც გაზრდილია კორუფციული ხვრელები, სადაც გაზრდილია ბიუროკრატია და ეს არის ბიუჯეტი, სადაც მომავალ წელს ვერ მოგვარდება საცობების, პარკირების, სოციალური პრობლემები, ასევე დასაქმების პრობლემა, ინფრასტრუქტურული პრობლემები,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა.

„წელს, ქვეყნის ბიუჯეტიც არ ითვალისწინებს პენსიების ზრდას და წარმოიდგინეთ, ასეთ გაზრდილ ფასებზე, საკვებზე, მედიკამენტებზე, 50 ლარიანი დანამატი თავისუფლად შეუძლია თბილისმა გაუკეთოს თბილისელ პენსიონრებს,“ - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა და ისინი პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

„არასდროს, არცერთი ჩვენი გუნდის წარმომადგენელს არ ქონდა აქცენტირება, რომ პენსია გაიზრდებოდა. ეს არის მტკნარი სიცრუე. ის დაპირებების, რაც წინასაარჩევნოდ ჩვენ გავაჟღერეთ და მხარი დაუჭირა დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ, სწორედ ეს პრიორიტეტებია განსაზღვრული ბიუჯეტში,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

 

დღის ამბები