27 დეკემბერი 2024,   03:58
ვრცლად
ვაკეში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ცოტა ხნის წინ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, შუა ხნის მამაკაცი, საკუთარ სადარბაზოსთან დაჭრეს. ჭრილობები მას ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია, მას ამ წუთებში ოპერაციას უკეთებენ. გავრცელებული ცნობით, შუა ხნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ჭრილობა მიაყენეს.

პირი, რომელმაც შუა ხნის მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. სამართალდამცავები სამძებრო ღონისძიებებს ვაკის ტერიტორიაზე ახორციელებენ.

რა გახდა შეიარაღებული თავდასხმის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. 117-ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ხოლო 236-ე მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები