22 დეკემბერი 2024,   06:15
ვრცლად
"დააწერონ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ძველი სლოგანი" - ოპოზიცია პოლიტიკურ საახალწლო ნაძვის ხეს აპროტესტებს

თბილისის მერიას პოლიტიკური საახალწლო ნაძვის ხის გამო ოპოზიცია აკრიტიკებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ  დედაქალაქის მთავრობა აბუჩად იგდებს თბილისელებს.

„მათ ფანტაზიას როგორც ჩანს, ზღვარი არ აქვს და ახლა გადაწყვიტეს პოლიტიკური  სლოგანები მიაწერონ საახალწლო ნაძვის ხეს და წინასაარჩევნო სლოგანები. მე შემიძლია ვურჩიო თბილისის მერიას და კიდევ ერთი ახალი სლოგანის იდეა მივცე. სადმე ზემოდან დააწერონ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ძველი სლოგანი, რომ მეოთხე წელიწადი იქნება გასაოცარი. ამით რომ იგრძნოს ხალხმა, რომ მართლაც გასაოცარ ქვეყანაში ცხოვრობს,“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის მერიას აკრიტიკებს „ევროპული საქართველოც“. პარტიაში ამბობენ, რომ შესაძლოა, კახა კალაძეს არ ესმოდეს, რომ ის არის ქალაქის მერი და არა მხოლოდ მომხრეების და „ქართული ოცნების“ მერი.

„ეს პარტიული წარწერა, ლოგო, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, რომ შეურაცხყოფას აყენებს, საბოლოო ჯამში ავნებს მასაც, როგორც ქალაქის მერს და ასევე მთიანად პოლიტიკურ პროცესს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე, საახალწლო მთავარი ნაძვის ხე „ქართული ოცნების“ ფერებით გაანათეს. მთავარ საახალწლო ატრიბუტიკას კახა კალაძეს საარჩევნო სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ახლავს.

პოლიტიკური ნაძვის ხის ფოტოები დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები