27 დეკემბერი 2024,   04:18
ვრცლად
ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო

ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო. პროგრამა საერთო ჯამში 79 მილიონი ევროს დახმარებას ითვალისწინებს, სოფლის მეურნეობის სექტორის გასავითარებლად. პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში 52 მილიონი ევრო დაიხარჯა, რითაც 250 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. შეიქმნა 1500-ზე მეტი კოოპერატივი.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ევროკავშირის დახმარება, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ნდობას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ეტაპობრივად ვასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ამ პროცესში ევროკავშირი ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ეს ითვალისწინებს, ერთის მხრივ ინსტიტუციურ გაძლიერებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, იმ მმართველობითი რგოლების, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონკრეტულად ამ დარგის განვითარებაზე,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის პროგრამის შესახებ განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

„უახლოეს მომავალში ვიწყებთ პროგრამის მესამე ეტაპს, რომელიც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასთან ერთად, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ქალების ჩართულობაზე იქნება კონცენტრირებული. როდესაც ვსაუბრობთ მხარდაჭერაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თანხა. ამ პროგრამაზე გამოყოფილია 180 მილიონი ევრო და არ მგონია მოიძებნოს ევროკავშირის სხვა პროექტი, რომელიც ამხელა დაფინანსებას მოიცავს. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა და ასევე პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

 

დღის ამბები