27 დეკემბერი 2024,   03:46
ვრცლად
"ივანიშვილის ოჯახის ახლობელი ბრძანდებით, რის გამოც თქვენი კანდიდატურა შეირჩა ამ პოსტზე" - ოპოზიციამ ფინანსთა მინისტრი გააკრიტიკა

საკანონმდებლო ორგანო ამ წუთებში, 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავს. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა გააცნო. ოპოზიცია მისგან საბიუჯეტო სახსრების განაწილების შესახებ განმარტებებს ითხოვს. მამუკა ბახტაძეს დღეს ოპოზიციამ მისი წარსული საქმიანობაც შეახსენა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, არსებობს თუ არა სხვა მიზეზი, გარდა ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობისა, რის გამოც მამუკა ბახტაძე დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე.

„იქნებ ერთი მიზეზი მაინც დაგვისახელოთ, ყველაზე ცნობილი მიზეზის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი ბრძანდებით, რის გამოც თქვენი კანდიდატურა შეირჩა ამ პოსტზე. ეს ერთი კითხვა. და მეორე კითხვა, თუ შეიძლება რომ გვითხრათ, რა ინფორმაცია გაქვთ იმ ცნობილ დავასთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე ორი დღეა ვისმენთ ტელევიზორში. ეს ეხება გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებებს,“ - მიმართა სხდომაზე ირმა ნადირაშვილმა მამუკა ბახტაძეს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს მამუკა ბახტაძეს პასუხის გაცემა მოუწია, საქართველოს რკინიგზას შეეხებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რატომ შემცირდა მისი ამ სამსახურის ხელმძღვანელობის დროს გადაზიდვები.

„თქვენ მიწა გადაეცით მთავრობას, მთავრობამ მოგცათ 80 მილიონი, ასე ვთქვათ გაქვითეთ და სინამდვილეში მინუს 20 მილიონი ზარალი გექნებოდათ, რომ არ ყოფილიყო ეს. თქვენ ტვირთბრუნვის შემცირება ახსენით იმით, რომ თურმე ნავთობი წავიდა მილსადენში. რომელ მილსადენში წავიდა? ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში წავიდა? აზერბაიჯანიდან რაღაც ნავთობი დააკლდა რკინიგზას? რა რაოდენობის ნავთობი დააკლდა?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ, რაზეც ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ ეს 2010 წელს ხელმოწერილი ვალდებულება იყო და მას ამის ახსნა არ უნდა უწევდეს.

„ჩვენ არ მიგვიღია თანხა ამაში ბატონო რომან, როგორც საქართველოს რკინიგზას. ეს იყო ვალდებულება 2010 წელს ხელმოწერილი, რომ საქართველოს რკინიგზა დააბრუნებდა იმ მიწებს სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელსაც არ იყენებდა თავსი ექსპულატაციისთვის. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვქონდა, საქართველოს რკინიგზას და დავუბრუნეთ სახელმწიფოს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

დღის ამბები