27 დეკემბერი 2024,   05:00
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის საქმის მსჯავრდებულის მტკიცებით, აფეთქების დამკვეთად ფირცხალავას დასახელებას მთავარი პროკურორის მოადგილე სთხოვდა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გია სოსანაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში მთავარი პროკურორის მოადგილესთან, მამუკა ვასაძესთან, საიდუმლო შეხვედრის შესახებ კურიერთან საუბრობს.

გია სოსანაშვილი ამტკიცებს, რომ მასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მთავარი პროკურორის მოადგილე, მამუკა ვასაძე, ორჯერ შევიდა. სოსანაშვილის თქმით, მთავარი პროკურორის მოადგილე მას იური ვაზაგაშვილის აფეთქების დამკვეთად კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას, დასახელებას სთხოვდა. ამ ჩვენების სანაცვლოდ კი, მხოლოდ 3-წლიან პატიმრობასა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფას ჰპირდებოდა.

სოსანაშვილი ასევე ამბობს, რომ მთავარი პროკურორის მოადგილის შეთავაზებას არ დასთანხმდა. რამდენიმე კვირაში კი ე.წ. მატროსოვის ციხეში მასთან იური ვაზაგაშვილის და - მანანა ვაზაგაშვილი, შეიყვანეს, რომელიც დამკვეთად ფირცხალავას დასახელებას სთხოვდა.

გია სოსანაშვილთან შეხვედრას მანანა ვაზაგაშვილი უარყოფს და დარწმუნებულია, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო.

მსჯავრდებული სოსანაშვილი კი იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმესთან კავშირს დაკავების დღიდან კატეგორიულად უარყოფს. მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფალია შეცვლილია და მისი გენეტიკური მასალა გაყალბებულ ნივთმტკიცებაზე შსს-ს გენერალური ინპექციის თანამშრომელმა, როინ ასანიძემ, გადაიტანა.

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები ადასტურებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის სახელურზე, სოსანაშვილის გარდა, კიდევ ერთი უცხო პირის დნმ-ია აღმოჩენილი. თუმცა, პროკურატურამ მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლო.

გია სოსანაშვილისა და მთავარი პროკურორის მოადგილის შეხვედრასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ორი წლის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებს, რომ მკვლელობის დამკვეთების დასადგენად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები საფრანგეთსა და ამერიკაშიც მიმდინარეობდა. 

დღის ამბები