27 დეკემბერი 2024,   04:25
ვრცლად
პრემიერი იმიტომ არის პრემიერი, რომ მმართველმა გუნდმა ბიზნესი გამოწველა და დაიქვემდებარა სრულად - არმაზ ახვლედიანი 

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, რომელიც წლებია, დამკვიდრდა თანამედროვე საქართველოში და რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის გამოყენებას სათავისოდ," - ეს განცხადება პარტია ქართული ოცნების ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, არმაზ ახვლედიანმა, განსხვავებული აქცენტების ეთერში გააკეთა.

ახვლედიანი ტენდერების სკანდალს და საქართველოს პრემიერმინისტრსა და გია გაჩეჩილაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში თქვა, რომ სახელმწიფო ტენდერების მოგება მეგობრობით ხდება.

ახვლედიანი ამბობს, რომ არსებული ინფორმაციის შეფასებით კეთდება ლოგიკური დასკვნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ხელს უწყობდა მისი მეგობრის, გია გაჩეჩილაძის, სიძის კომპანიას.

„უფრო მეტიც, პრემიერმინისტრი დღეს პრემიერმინისტრია იმიტომ, რომ გუნდი, რომელმაც აირჩია, ამ გუნდმა მოახერხა "საუკეთესო ტრადიციებით", ბიზნესი გამოეწველა, ის დაიქვემდებარა სრულად, მიმართა ყველა უკანონობას და დღეს უმრავლესობით არის წარმოდგენილი პარლამენტში. შესაბამისად, რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ შემდგომ ეტაპზე პრემიერი ან სხვა პოლიტიკური ხელმძღვანელი იყენებდეს ბიზნესს სათავისოდ,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, სახეზეა უკანონობა და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

რაც შეეხება პრემიერის და „უცნობის“ დაპირისპირებას, არმაზ ახვლედიანის თქმით, პრემიერი კვირიკაშვილისთვის გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„როგორც ჩანს, ამ ბრალდებას ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. ძალიან ემწარა, ეს კარგად დავინახეთ. მაგრამ არა მგონია, რომ აქ მეგობრულ ურთიერთობებზე იყოს საუბარი,“ -აცხადებს ახვლედიანი.

არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით რამე შეიცვლება.

დღის ამბები