22 დეკემბერი 2024,   05:22
ვრცლად
სააკაშვილს უკრაინის პროკურატურა გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარებს - უფლებადამცველები მის უსაფრთხოების სამსახურში გამოძახებას ითხოვენ

„დღეს ეჭვმიტანილმა სააკაშვილმა ჩაშალა საგამოძიებო ღონისძიება,“ - ასე აფასებს პროკურორი, ალექსანდრე გოვორუშჩაკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ პროკურატურისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში გამოკითხვისთვის დაბარებულ დროს მივიდა, თუმცა, გამოკითხვაზე არ შევიდა. სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე ფალსიფიცირებულია.

პროკურორის თქმით, დღეს დაგეგმილი იყო არა მხოლოდ დაკითხვა, არამედ გარკვეული საგამოძიებო პროცესუალური მოქმედებების ჩატარებაც იგეგმებოდა.

„ის მხოლოდ გენერალური პროკურატურის გამშვებ პუნქტთან გამოცხადდა და შიგნით შემოსვლაზე უარი განაცხადა. ამიტომ, მას დაკითხვაზე ხელმეორედ გამოვიძახებთ,“ - აცხადებს პროკურორი, ალექსანდრე გოვორუშჩაკი.

საქმის პროკურორის განცხადებით, თუ სააკაშვილი ამჯერადაც არ გამოცხადდება დაკითხვაზე, არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილს ან იძულების წესით მიიყვანენ ან მიმართავენ სასამართლოს იმისთვის, რომ მოხდეს ოდესის ყოფილი გუბერნატორის დავალდებულება, გენერალურ პროკურატურაში გამოცხადების მიზნით.

ჯერჯერობით, განმეორებით გამოცხადებასთან დაკავშირებით დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია. შესაძლოა, ეს უწყება პროკურატურისგან დღეს მიიღონ ან შესაძლოა მოხდეს უკვე მისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძახება.

ადვოკატების თქმით, მათ პროკურატურაში 2 დღის წინ გააგზავნეს მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცეს ეს მასალები, რადგან თავდაპირველად სწორედ მათ დაიწყეს გამოძიება.

„გენერალური პროკურორის 5 დეკემბრის დადგენილების თანახმად, საქმე "ესბეუს" ძიების დაქვემდებარებაშია. ამიტომ ჩვენ არ ვართ ვალდებული დაკითხვაზე გამოვცხადდეთ გაურკვეველი პროკურორების ჯგუფთან, რომლებსაც უფლებამოსილება არ გაჩნიათ. სააკაშვილს კანონი არ დაურღვევია... კანონის მიხედვით ორგანო, რომელიც წინასასამართლო საქმეებს იძიებს "ესბეუა" და არა გენერალური პროკურატურა,“ - განაცხადა ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკმა.

დღის ამბები