26 დეკემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ექსკლუზიური კადრები სპეცოპერაციის ადგილიდან-ბინა, რომელსაც დაჯგუფების წევრებთან ერთად ახმედ ჩატაევი თავს აფარებდა

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, "კურიერი" დღეს იყო პირველი, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორისტების თავშესაფარი გადაიღო. ბინა, რომელშიც დაჯგუფების წევრები ცხოვრობდნენ მთლიანად განადგურებულია.

ტერორიზმში ბრალდებულებს სამოთახიან ბინაში სამალავი საპირფარეშოში ჰქონდათ მოწყობილი. კედელი გამონგრეულია, სავარაუდოდ სწორედ აქედან ესროდნენ ტერორისტები ძალოვანებს. სავარაუდოდ მათ წინასწარ მოამზადეს კონკრეტული ადგილები, საიდანაც სნაიპერებს და სპეცრაზმის წევრებს დამიზნებით თითქმის 24 საათის განმავლობაში ესროდნენ. ნაქირავებ ბინაში, სადაც ჩატაევი და მისი გუნდის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ, კედლები არა ფეთქებადი ჭურვებით, არამედ სპეციალური ხელსაწყოებით არის განგრეული. აფეთქებულია აივნის კედელი, საიდანაც ტერორისტები გვერდით სადარბაზოში მდებარე სახლში გადავიდნენ.

პირველი და მეორე სართულების გარდა, ტერორისტებმა მესამე სართულზე კიდევ ერთი ბინის დაკავება მოახერხეს, თუმცა დღეს ამ სახლის კარი დაკეტილია და აქ არც სამუშაოები მიმდინარეობს.

კორპუსში მობინადრეები უკვე შეუშვეს. თბილისის მერიის დასკვნის მიხედვით კორპუსში ცხოვრება სახიფათო არ არის.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მერიის სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ. ამჟამად კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღდგება ის ბინებიც, რომელშიც სპეცოპერაციის დროს ტერორისტები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები