27 დეკემბერი 2024,   04:39
ვრცლად
რუსთავის ხანძრის ტრაგიკული შედეგები - მოსახლეობა კორპუსში მყოფი ადამიანების დახმარებას საკუთარი ძალებით ცდილობდა  

რუსთავში, კორპუსში გაჩენილი ხანძრისას, მოსახლეობა შენობიდან მეზობლების გამოყვანას საკუთარი ძალებით ცდილობს. ადგილზე გადაღებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ სამაშველო და სახანძრო ჯგუფები ხანძრის ტერიტორიაზე მისულია, თუმცა მოსახლეობის ევაკუაციას ვერ ახერხებენ. მათ აღჭურვილობაში სპეციალური ტექნიკა არ აღმოაჩნდათ.

ცეცხლმოკიდებული სადარბაზოდან ხალხის გამოყვანა მხოლოდ დამატებითი ეკიპაჟების მისვლის შემდეგ მოხერხდა, თუმცა ამ დროს მთელი კორპუსი უკვე ძლიერ კვამლში იყო გახვეული, რის გამოც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი ქალბატონი კი მოგვიანებით კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ადგილზე მისულ სახანძროს არც წყალი ჰქონდა საკმარისი.

კორპუსის მობინადრეები ხანძრის გაჩენიდან მალევე პანიკამ მოიცვა. ახალგაზრდა გოგონა რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა, მეოთხე სართულიდან გადმოხტა. მძიმე მოტეხილობებით ის რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ქვედა კიდურებზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, კიდევ 5 დაზარალებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები კი სახლში გაწერეს.

სახანძრო სამსახურში უარყოფენ მობინადრეების ბრალდებას, თითქოს სახანძრო ბრიგადებს სპეციალური აღჭურვილობა არ ქონდათ.

 

დღის ამბები