27 დეკემბერი 2024,   05:00
ვრცლად
კალაძეს მეორე კაცობა სურს - პოლიტიკოსები ივანიშვილსა და კალაძეს შორის ძალაუფლების შესაძლო გადანაწილებაზე საუბრობენ

„კალაძე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე შეეცდება, ბოლომდე იქნება ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ,“ - ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე კახი კალაძის ივანიშვილის გავლენისგან შესაძლო გათავისუფლებას.

„არჩევანის“ ეთერში ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ კალაძის ივანიშვილის გუნდში დარჩენა, ისევ ყოფილი პრემიერის ნებაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ვიცით, თუ ადამიანმა ამოიჩემა და აღარ უნდა ეს ადამიანი მის გვერდით, ის აუცილებლად, ყველა ხერხით შეეცდება კალაძის განდევნას „ქართული ოცნებიდან.“ ის, რომ კალაძე ფიქრობს დამოუკიდებელ თამაშზე, მე ამის არ მჯერა,“ - განაცხადა გოგუაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუ კალაძე მასზე სამომავლოდ განხორციელებულ ზეწოლას, რომელიც შეიძლება მისი თანამოაზრეების დაჭერით დასრულდეს, მოითმენს, ის დარჩება ივანიშვილის გვერდით.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მთავარი სპეციალისტი, ლევან ალაფიშვილი კი აღნიშნავს, რომ კალაძე თამაშობს დამოუკიდებელ თამაშს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, კახი კალაძე თამაშობს დამოუკიდებელ თამაშს და რა შედეგი იქნება ფინალისკენ, შეიძლება დაჯდეს გავინაწილოთ ძალაუფლება და კი ბატონო, შეიქმნას. შეიძლება დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს და ამ შემთხვევაში, ერთიც და მეორეც, შეიძლება წარმატებული იყოს მისთვის,“ - განაცხადა ალაფიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, დავით ზურაბიშვილი კი აღნიშნავს, რომ კალაძე ამ ეტაპზე ივანიშვილთან დაპირისპირებას არც შეეცდება.

„ჩემი ვარაუდით, ის საერთოდ, შეეცდება, რომ ამ 4 წელიწადში პრემიერობაზეც არ განაცხადოს პრეტენზია, თუ რა თქმა უნდა, არ აიძულა ბიძინა ივანიშვილმა და არ აიძულეს რაღაცნაირად, ის არ დაუპირისპირდება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თქმით, კახი კალაძე ივანიშვილის „პოლიტიკურ მემკვიდრეობას“ უფრო შეეცდება, ვიდრე დამოუკიდებელ ფიგურად ყოფნას.

„ის შეეცდება იყოს თბილისის მერი და იმუშაოს იმაზე, რომ იყოს ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე უფრო მეტად, პოლიტიკური მემკვიდრე, ვიდრე დამოუკიდებელი ფიგურა. უფრო მის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, მეორე კაცობაზე ექნება მას პრეტენზია, რამდენად ამას დაუშვებს, მის მეორე კაცობას ივანიშვილი, ეგ არის სხვა ამბავი უკვე,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

„ეროვნული ფორუმის“ წევრი, ანი მიროტაძე კი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად გაკოტრებულები იქნებიან და მათ სჭირდებათ გუნდი, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს. 

დღის ამბები