26 დეკემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ოდესაში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი - ოჯახი გამოძიების პასუხს ორი თვეა ელოდება

ოდესაში, 29 წლის ოთარ ვარამაშვილის გარდაცვალებაზე ოჯახი გამოძიების პასუხს ორი თვეა ელოდება. სხეულის დაზიანებებიდან გამომდინარე, ახლობლები ეჭვობენ, რომ ის მოკლულია.

ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას თანხას უკავშირებს. ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ოდესის ერთ-ერთ სახლში 10 ოქტომბერს იპოვეს. ის ქირით ცხოვრობდა. თავდაპირველად სახლის მეპატრონე ოჯახთან აცხადებდა, რომ ვარამაშვილი საღამოს ნასვამი იყო, მეორე დღეს კი, გარდაცვლილი ნახეს. ეს ვერსია მან მოგვიანებით შეცვალა და ოჯახს განუცხადა, რომ ნასვამი დაეცა და სახეზე დაზიანება ამ დროს მიიღო.

ოჯახს ამ ვერსიების არ სჯერა და არ გამორიცხავენ, რომ საქმეში ბინის მფლობელიც იყოს გარეული. ეჭვებს მისი მოკვლის შესახებ ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ დაკარგულია თანხა, რომლის გამოგზავნასაც ის ძმისთვის აპირებდა.

ოდესიდან გამოგზავნილი ექსპერტიზის წინასწარ დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ კი, ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტი დაიქირავა, რომლის დასკვნითაც, გარდაცვლილს სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

ავტორი: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი 

დღის ამბები