26 დეკემბერი 2024,   16:25
ვრცლად
გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა 23 იანვარს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სხდომაზე ბრალდებულმა სიტყვა წარმოთქვა, სადაც კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა დაკავების დღე და კიდევ ერთხელ სამართალდამცველები ნარკოტიკების ჩადებაში დაადანაშაულა.

დაცვის მხარე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ელოდებოდა, თუმცა მოსამართლემ შემდეგი სხდომა 23 იანვარს ჩანიშნა.

გიორგანაშვილის თქმით, პროკურატურის პოზიცია მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებით არის გამყარებული. საქმის პროკურორმა გიორგანაშვილის ბრალდებები რეპლიკით უარყო და ის სიცრუეში დაადანაშაულა.

თავად გიორგანაშვილი კი ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი იცის, ვინც მის საქმეში მონაწილეობდა და მათ წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილსაც აპირებს.

“ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვინც აყვანას დაესწრო და მერე იმ პრესინგს, რაც სამმართველოში გამატარეს. აბსოლუტურად ყველა სახელზე და გვარზე აღიძრება საქმე და ამის გამო, რასაც აკეთებს პროკურორი ასე თავხედურად, იგივე ბედი ელოდება ზუსტად მასაც,“ - განაცხადა გიორგანაშვილმა.

მომდევნო სხდომაზე ბრალდებული სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყევტილებას გამოაცხადებს. გიორგი გიორგანაშვილს და მის ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ გამოიტანს.  

შეგახსენებთ, რომ ბრალდებული სამართალდამცველებს ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მიზნით ფლობას ედავებიან. 

 

დღის ამბები