26 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მოგების გადასახადის გაუქმება, დევნილების სახლებით უზრუნველყოფა - ოპოზიციის მწვავე კითხვები პრემიერს

საკანომდებლო ორგანო მთავრობის დამტკიცებისათვის საჭირო პროცედურებს აგრძელებს. ამ დროისთვის საქართველოს პრემიერმინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტმა სწორედ დღის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კითხვები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, დევნილების სახლებით დაკმაყოფილების თემას და ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებს შეეხებოდა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართა პრემიერს.

„მოგების გადასახადი გავაუქმეთო, განაწილებულის, ესტონური მოდელი, კარგია. ჩვენ უფრო რადიკალური გზის მომხრეები ვიყავით, მაგრამ ჯამში თუ მაინც გაზარდეთ ტვირთი, საერთო ჯამში, თქვენი მმართველობის დროს თუ იზრდება, იმ პირობებში, როცა იზრდება ფასები, როცა პენსია პრაქტიკულად არ გაზრდილა, როცა ხალხს უჭრის, ეს რანაირად არის სწორი პოლიტიკა,“ - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბოკერია შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

„ბატონო ბოკერია, თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი იმიტომ, რომ ყველა თქვენი კითხვა, ყველა თქვენი გამოსვლა არის ძალიან შეურაცხმყოფელი და მე ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელია თქვენთან რაიმე კონსტრუქციულზე საუბარი,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ დევნილების ბინებით დაკმაყოფილების საკითხთან დაკავშირებით მიმართა პრემიერს და სთხოვა განმარტება, რა გეგმით აპირებს მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ელენე ხოშტარიას საპასუხოდ აღნიშნა, რომ დონორი ქვეყნებიდან 2008 წელს გადმორიცხული თანხა სრულად რომ მიმართულიყო დევნილების ბინებით დაკმაყოფილებისკენ, დღეს ეს რეალობა აღარ იქნებოდა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ზაზა პაპუაშვილი ხელისუფლებას მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ჩემი აზრით, ყველა მიმართულებით, რათა ჩვენც და ქვეყნის მოსახლეობაც გამოვიყვანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის რეჟიმიდან. ვფიქრობ, რომ ნამეტან ანგარიშს ვუწევთ ჩვენ მათ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საქართველოს მთავრობას შვეიცარულ კომპანიასთან, SGS-თან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების საბაჟო კონტროლს ემსახურება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში  სამართალდამცავების მიერ შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს ეფექტური და დროული გამოძიების მექანიზმები.

პრემიერმინისტრის და მინისტრთა კაბინეტის წევრების მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, უმრავლესობის და უმცირესობის წევრები სიტყვით გამოვლენ. ასევე, ფრაქციების ხელმძღვანელებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს დაეთმობათ დრო, რის შემდეგაც პრემიერი შემაჯამებელი სიტყვით გამოვა.

კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართება, სადაც უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.

ეს პროცედურები დაახლოებით, ღამის პირველ საათამდე გაგრძელდება.

დღის ამბები