26 დეკემბერი 2024,   16:11
ვრცლად
"სახელმწიფოებრივი რისკების შემცველია პრემიერმინისტრის ასეთი რეაგირება" - გია ხუხაშვილი

სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ გუშინდელ ინციდენტზე საუბრობენ. ისინი დეპუტატებს და მაღალი თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულებას ახსენებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, დეპუტატებს, საჯარო სივრცეში გარკვეული ქცევის წესები უნდა ქონდეთ.

„არის სამწუხარო ის, რომ პარლამენტში საქმე უკვე გინებამდე მივიდა და ეს რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მოვინდომებდი იმას, რომ მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომის შემდეგ, მოსახლეობამ ილაპარაკოს კონკრეტულ რეფორმაზე, კონკრეტულ პროგრამაზე და არა იმაზე, თუ ვინ იყო ღირსი გინების და რატომ შეიგინა პრემიერმინისტრმა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პრემიერმინისტრი არანაირ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. 

„ბუნებრივია, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მეტსაც გეტყვით, რომ სახელმწიფოებრივი რისკების შემცველია ასეთი რეაგირება პრემიერმინისტრის, როგორც ქვეყნის ლიდერის მხრიდან, ძალიან მარტივ და ბანალურ პროვოკაციაზე. პრემიერმინისტრს არ აქვს უფლება პროვოკაციას წამოეგოს. ეს არის ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციის ტოლფასია და მეტი არაფერი,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ჯანდიერი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, თმენის ვალდებულების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ხელისუფლება თავად უნდა იძლეოდეს სიმშვიდის მაგალითს და საქმით უნდა ადასტურებდეს იმ გაცხადებულ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ძალადობისაგან თავის დაცვას,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

დღის ამბები