26 დეკემბერი 2024,   16:14
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ხვდება. განსახილველი საკითხი კი, კვლავაც სადავო საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლის მიხედვით, მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა მიეცემა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ, შეხვედრის დაწყების წინ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარი დიდი ხანია დაწყებულია. მისივე თქმით, ბორდის წევრებს შორის მხოლოდ ორი ადამიანი იყო, ვინც ცვლილებებს მხარს არ უჭერდა.

„ჯერ კიდევ ზაფხულში, მე თვითონ მაქვს წარმოდგენილი პარლამენტში ჩვენი სურვილები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით და უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებებზე საუბარი წელს არ დაწყებულა და შარშან. ეს მუდმივი პროცესი იყო, ამ ცვლილებებზე საუბარი და ლობირება იმის, რომ ასეთი ცვლილებები ყოფილიყო შეტანილი. ჩვენ კენჭი ვუყარეთ, იყვნენ ბორდის წევრები, ვინც არ ეთანხმებოდნენ ამ ცვლილებას. ასეთი სულ ორი იყო და შესაბამისად, დანარჩენმა ყველამ ხმა მისცა,“ - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე კი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია, მაუწყებელს კომერციული რეკლამის გამოყენების უფლება მიენიჭოს, რადგან ამით, მისი განმარტებით, სხვა კერძო ტელევიზიები დაზარალდებიან.

„მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რაღაც დამატებით სიკეთე მიიღოს, მაგრამ ეს დამატებითი სიკეთე, არ უნდა ლახავდეს სხვა ტელევიზიების უფლებებს. შემცირებული სარეკლამო ბაზრის ფონზე, კომერციულ ტელევიზიებს რომ გაუჩნდება კონკურენტი, რომელსაც ისედაც გარანტირებული შემოსავალი აქვს, ეს უსათუოდ აისახება კომერციული ტელევიზიების მდგომარეობაზე,“ - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.

ცვლილებები ორი მოსმენითაა მიღებული, თუმცა არასამთავრობო სექტორი და კერძო მაუწყებლები ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ისედაც 52 მილიონი ლარით ფინანსდება. მესამე სექტორმა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებაც ურჩია.

დღის ამბები