26 დეკემბერი 2024,   15:56
ვრცლად
მანდატური არ უნდა ექვემდებარებოდეს სკოლის დირექტორს - შს და განათლების მინისტრები პარლამენტში

„მანდატური არ უნდა ექვემდებარებოდეს სკოლის დირექტორს, უბრალოდ, ინტერესთა კონფლიქტია,“ - ეს განცხადება შს მინისტრმა სამომავლოდ მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით გააკეთა.

დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში იმყოფებოდნენ და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის კითხვებს პასუხობდნენ.

შს მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სკოლებში არ დარჩებიან და ასევე აღნიშნა, რომ მანდატურის ინსტიტუტის ეფექტიანობის მიზნით შექმნილი ინიციატივები პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაეგზავნება.  

„მანდატურების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით წამოწყებულმა ინიციატივებმა რაღაც გაურკვეველი სპეკულაციები გამოიწვია. პირველი, არავინ არ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო. მეორე, არაფერი არ ესაქმება საპატრულო პოლიციას სკოლაში. ეს ორი მდგენელია, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მესამე, რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ უწყებათაშორის კომისიაში, უკვე, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული აქვთ ის ნაბიჯები, უახლოეს დღეებში იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რომელიც აუცილებელია, რომ გაიზარდოს მანდატურების ეფექტურობის ხარისხი,“ - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მანდატურების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კანონმდებლობაში უნდა შეიცვალოს რამდენიმე პუნქტი.

„სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, როგორც მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით მანდატური შეუძლია გახდეს საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდა 20 წლიდან, რაც უბრალოდ არალოგიკურია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გადაიხედება მანდატურთა სამსახურში მიღების, გადამზადების და სკოლის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში ყოფნის საკითხები.

„ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს შედარებით პრობლემური სკოლები, სადაც გაზრდილია რისკი, ასეთი საფრთხეები არსებობს, ასეთ სკოლებში განსაკუთრებით მჭიდრო იქნება ურთიერთთანამშრომლობა მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების მინისტრმა ასევეაღნიშნა, რომ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია.

„მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი უნდა იყოს ინფორმირებულები თუ რას ეხება საერთოდ ბულინგი, რა არის ძალადობა,“ - აღნიშნავს მიხეილ ჩხენკელი.

მინისტრის თქმით, სკოლაში აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ კვალიფიციურ ფსიქოლოგთა რაოდენობა საკმარისი არ არის. მინისტრის განცხადებით, ამ პრობლემას უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტების და მაგისტრანტების ჩართულობა მოაგვარებს.

დღის ამბები