08 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
"მკურნალობა კონსერვატურული მეთოდებით", "ბუტე-ბუტეს თამაში" - საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი საკრებულომ მერის მოადგილედ დაამტკიცა. ილია ელოშვილი მუნიციპალიტეტში პოზიციას დღეიდან დაიკავებს. მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციურმა ფრაქციებმა.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარებდა. კენჭისყრამდე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ საკრებულომ მუშაობა დეპუტატების ქცევის კოდექსზე დაიწყოს.

საკრებულოში კამათი პარლამენტში განვითარებული მოვლენების შეფასებას მოჰყვა, როდესაც პრემიერსა და ენმ-ის ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” წევრი, ვახტანგ შაქარიშვილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ხედვას იზიარებს. მინისტმა აღნიშნა, რომ ენმ-ის პოლიტიკური იგნორირება უნდა მოხდეს.

„დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს რეცეპტი თქვენზე არ მუშაობს, არც ხელის გამოწვდენა არ მუშაობს, არც პატივისცემის გამოხატვა არ მუშაობს, მიუხედავად იმისა, იმსახურებთ ამას თუ არა. მე ვფიქრობ, უფრო კონსერვატურული მეთოდებით მკურნალობა გჭირდებათ თქვენ,“ - განაცხადა შაქარიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა შაქარიშვილის პასუხად აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ოპონირება უჭირს.

„ოპოზიციის კითხვების თქვენ გეშინიათ და იმდენად მწვავედ აღიქვამთ, რომ ახლა უკვე თქვენი მომავალი პრემიერის, ამჟამინდელი შს მინისტრის ენით გველაპარაკებით, რომელმაც ბუტე-ბუტეს თამაში დაგვიწყო აქ, იმის მაგივრად, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ, ცივილიზებულ ოპონირებაზე გქონდეთ ნორმალური პასუხები,“ - განაცხადა დათუკიშვილმა.

მარიკა დათუკიშვილმა პრემიერის მიერ ნიკა მელიას მისამართით გამოთქმულ სიტყვიერ შეურაცხყოფას „სამარცხვინო“ ქმედება უწოდა.

დღის ამბები