27 დეკემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ოროსანი ბავშვივით მოუმზადებელი ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე საზახინო ადვოკატს მიმართავს

ოროსანი ბავშვივით მოუმზადებელი ადვოკატი - ასე შეაფასა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის მოთხოვნა, რომ სხდომა 1 თვით გადაედო.

„მომდევნო სხდომას დავნიშნავ 25 დეკემბერს და იმედს გამოვთქვამ, რომ ასე ოროსანი ბავშვივით აღარ ადგებით, რომ მოუმზადებელი ვარ მოსული,“ - განაცხადა მოსამართლემ.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საკუთარი აცილების საკითხი დააყენეს, რადგან მათი განმარტებით, სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა და არ აქვს იმედი, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს, რომელსაც მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა 10-ტომიანი საქმის გასაცნობად და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად. სასამართლო პროცესები თითქმის 2 წელია მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი, სოფო გოგლიჩიძე აღნიშნავს, რომ თითქმის შეუძლებელია, 25 დეკემბრისთვის საქმეს სრულად გაეცნოს.

„საკმარისი არ არის ეს ვადა და იმიტომაც ვითხოვდი, რომ 15 იანვრისთვის გადადებულიყო აღნიშნული სხდომა... არ ვიცი, რატომ მიაჩნიათ, რომ ეს არის პროცესის გაჭიანურება ჩემს მიერ მოთხოვნილი ვადა, ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ადვოკატმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე კი მოსამართლეს და პროკურორს ადვოკატზე სიტყვიერ ზეწოლაში ადანაშაულებს.

„მოსამართლე არევაძე, რომელმაც პირდაპირ იცის, რა განაჩენი უნდა გამოიტანოს, ეუბნებოდა ადვოკატს, რომ თქვენ ახლა ადექით აქ და ოროსანი ბავშვივით მეუბნებით, რომ მზად არ ხართ, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მართლმსაჯულება, არევაძის მართლმსაჯულება,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ბრალდების მხარე საქართველოს მესამე პრეზიდენტს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, საქმე ეხება გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებას.

დღის ამბები