26 დეკემბერი 2024,   16:26
ვრცლად
მესტიის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩაცხრილეს

მესტიის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  ჩაცხრილეს. ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა. ნიგურიანი თვითმმართველობის არჩევნებისას „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო.

არსებული ინფორმაციით ლომარ ნიგურიანს მესტიაში მცხოვრებმა პირმა ესროლა, რომელთანაც მას დაპირისპირება ჰქონდა.

ერთ -ერთი ვერსიით დაპირისპირების მიზეზი მიწის ნაკვეთი იყო. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ნიგურიანს 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. 

„6 ტყვია აქვს მოხვედრილი გულ-მკერდის არეში. მკვდარია. გამოგვეცალა საყრდენი რაიონს. დათარეშობს ყველა ვიგინდარა და არაა ნორმალური ადამიანის სამყოფი ამ სამყაროში. დაპირისპირება რაღაც ძველი, ისეთიც არაფერი რომ ასეთი რაღაც მომხდარიყო. სავარაუდო მიზეზი ანგარიშსწორება იყო,“-განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა ანა ჩართოლანმა

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით სამართალდამცავებისთვის დამნაშავის ვინაობა ცნობილია. 

დღის ამბები