26 დეკემბერი 2024,   16:09
ვრცლად
აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან - შეკრებილები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

აჭარის მთავრობის შენობასთან ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის მცხოვრებლები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი რეგიონის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

53 წლის ემზარ ჩოგაძე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ოპერაცია, რისთვისაც 11 ათასი ლარია საჭირო, თუმცა ოჯახს თანხა არ გააჩნია.

ახლობლების განცხადებით, პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რის გამოც, ოპერაციის დაჩქარებაა საჭირო, ამიტომ დაფინანსებას სახელმწიფოსგან ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს მთავრობის სახლში შეჭრის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, მოგვიანებით, მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე შეხვდა.

მისი განცხადებით, სამინისტრო დაუკავშირდა კლინიკის ხელმძღვანელობას და მიაღწიეს შეთანხმებას, რომ პაციენტი ოპერაციის საფასურს ეტაპობრივად დაფარავს.

აქციის მონაწილეებისთვის შეთავაზება მისაღები აღმოჩნდა.

დღის ამბები