26 დეკემბერი 2024,   16:17
ვრცლად
2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ცაბაძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას თვითმხილველები იხსენებენ

ამ დრომდე მძიმეა ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი სხვა და სხვა ხარისხის დამწვრობით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. გამთენიისას დიდუბეში მომხდარ ძლიერ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე ერთი ოჯახის წევრია. დღეს დილიდან მეზობლები მომხდარის დეტალებს იხსენებენ.

ძლიერი ხანძრის დროს იქ ორი აფეთქების ხმაც გაიგეს. ყვებიან, როგორ შეანგრიეს ცეცხლმოკიდებული ბინის კარი მოქალაქეებმა, თუმცა მათ, ბინაში მყოფი ოთხიდან ორი ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძება უკვე დაიწყო, თუმცა წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ელექტრო გამათბობელს გაუჩნდა და ოთახებს მალევე მოედო.

ცეცხლის ჩაქრობას 5 სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. წყლის ძლიერმა ჭავლმა ამავე სადარბაზოს სხვა სართულებზე მდებარე ბინებიც დააზიანა.

ბოლო დროს ხანძარს, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემა სახანძრო უსაფრთხოებაა.

ქალაქის მერი ამბობს, ყველა პროექტი, რომელიც ხორცილდება უსაფრთხოების ნორმებით უნდა იყოს დაცული. კახი კალაძის თქმით ამისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41 ე დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

 

დღის ამბები