21 დეკემბერი 2024,   20:47
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს ევროსასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ განცხადება „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და თქვა, რომ საქმე არის ფალსიფიცირებული.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯერ კიდევ 5 დეკემბერს, როდესაც უკრაინელმა სამართალდამცველებმა ის დააკავეს, არა ერთი კანონდარღვევა დაფიქსირდა, რაც პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა. 

„მოსამართლე ცოკოლმა დაადგინა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები და შესაბამისად, არც დანაშაული არ არის ჩადენილი. არსებობს მხოლოდ ვიღაც ორი მოწმის ჩვენება. დამდევენ ყველგან და აგრძელებენ ჩემს დევნას დღესაც. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, მოსამართლე ცოკოლმა ასევე დაწერა თავის გადაწყვეტილებაში, რომ მე არ ვიყავი დაკავებული ეჭვმიტანილის სტატუსით. გამოდის, რომ პეჩორის სასამართლოს მოსამართლემ დაადასტურა უშიშროების სამსახურის მოქმედება.

"მე ვამზადებ სარჩელს "ესბეუ"-ს წინააღმდეგ ბანდიტიზმისთვის, ჩემი გატაცებისთვის, ვამზადებ ასევე სარჩელს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შესატანად, რომ მოვითხოვო განმარტებები ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი მოპარვისა და გატაცებისთვის. როდესაც უკრაინაში შეიცვლება ხელისუფლება, ეს ადამიანები აგებენ პასუხს, არა მხოლოდ იმისთვის, რაც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ იმისთვისაც, რასაც ყოველდღიურად ჩადიან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი კიევის ადმინისტრაციულ სასამართლოში უნდა მისულიყო, სადაც მისი ადვოკატების საჩივრის განხილვა უნდა მომხდარიყო. საემიგრაციო სამსახურს გასაჩივრებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილისთვის განსაკუთრებული დაცვის ობიექტის სტატუსის მინიჭებას ეხება.

ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს, თუმცა უცნობია, დააკმაყოფილა თუ არა სასამართლომ სააკაშვილის და მისი უფლებადამცველების მოთხოვნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები