07 დეკემბერი 2024,   06:02
ვრცლად
3 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობა - მარიკა წივწივაძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა შსს-ს დაეკისრა

ტრაგედიიდან 3 წლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მარიკა წივწივაძის შვილისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა, მოკლულის დედისთვის კი მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ უნივერსიტეტის აუდიტორიაში გასროლით მოკლა, რის შემდეგადაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.

სამი წლის შემდეგ მარიკა წივწივაძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრა.

გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს გარდაცვლილის დედა. თალიკო თხელიძე ეჭვობს, რომ სამართალდამცავები მოძალადეს ხელს აფარებდნენ.

წივწივაძე საქართველოს წინააღმდეგ - ამ სახელწოდების საქმის განხილვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უახლოეს დღეებში დაიწყებს. შესაბამისი დოკუმენტები სტრასბურგში უკვე გაიგზავნა. წივწივაძემ პოლიციას 6-ჯერ მიმართა, თუმცა მოძალადის მიმართ არც შემაკავებელი ორდერი გაცემულა და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა.

ჯერჯერობით, უცნობია გაასაჩივრებს თუ არა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გახარიას უწყება. წივწივაძის დედა კი, შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ახლა უკვე ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან ელოდება.

 

დღის ამბები