26 დეკემბერი 2024,   16:44
ვრცლად
გაკოტრების პირას მყოფი კომპანია - შპს "ელფის" ხელმძღვანელები ბიზნესზე ზეწოლის მორიგ ფაქტზე საუბრობენ

შპს "ელფი" კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში საბავშვო ბაღებს საკვებით ამარაგებდა, ახლა გაკოტრების პირასაა. "ელფის" ხელმძღვანელები ქვეყნის პირველ პირებს მიმართავენ და ბიზნესზე ზეწოლის მორიგი ფაქტის აღკვეთისკენ მოუწოდებენ. კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ისინი 42 მილიონიან ტენდერს განგებ ჩამოაშორეს და ამას საფუძვლად მერიის მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული ბუნდოვანი დასკვნა დაედო.

ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე 42 მილიონიანი ტენდერი მერიამ 21 დეკემბერს გამოაცხადა. ამავე დღეს კომპანიაში საგამოძიებო სამსახური შევიდა და ტექნიკასთან ერთად ყველა ის დოკუმენტი ამოიღო, რომლის წარდგენასაც "ელფი" ტენდერში გეგმავდა. პარალელურად კი თბილისის ბაღების დირექტორებს შეატყობინეს, რომ წინა წლის ტენდერში გამარჯვებული "ელფის" მიერ მიწოდებული რძის პროდუქტი უვარგისი იყო და კომპანიისთვის დეკემბერში გაწეული მომსახურების ფასის, 3 მილიონი ლარის ანაზღაურებაც არ უნდა მომხდარიყო.

ოფიციალურად მონიტორინგის სამსახური კომპანიას ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ დარღვევაზე ედავება.

ირკვევა, რომ კომპანიის მიერ მიწოდებულ პროდუქტს მერია იწუნებს ბავშვებისთვის, მაგრამ იწონებს სოციალურად დაუცველებისთვის. "ელფის" დირექტორის ინფორმაციით, გუშინ საღამოს მერიაში დაიბარეს, სადაც მის მოადგილეს პირდაპირ უთხრეს, რომ კომპანია "ელფს" თბილისის 3 რაიონში სოციალურად დაუცველების კვებით უზრუნველყოფაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა უნდა მიეღო. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც ესწრებოდა.

დღის ამბები