06 დეკემბერი 2024,   09:46
ვრცლად
შსს ახმეტაში საპოლიციო კონტოლის დროს ერთ-ერთი ადგილობრივის შეუძლოდ გახდომის მიზეზებს განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ახმეტაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. სოფელ ქისტაურში მცხოვრები ოჯახი აცხადებს, რომ პოლიციის დაშინების შედეგად, რომელმაც სახლში ჩხრეკა ჩაატარა, ოჯახის ერთ-ერთი წევრი იმდენად შეუძლოდ გახდა, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალბატონის შეუძლოდ გახდომა არ უკავშირდება საპოლიციო კონტროლს და მას სიმსივნის დიაგნოზი აქვს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა მოქალაქე დ.ხ.-ს შეტყობინება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოიკითხნენ დ.ხ. და მისი ოჯახის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის არაერთი მოსამსახურე, დაზუსტდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რითაც ირკვევა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ყოველგვარი იძულებისა და ძალადობის გარეშე, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, იმავე დღეს მოხდა საქმეზე მოქალაქე დ. ხ.-სა და მისი ოჯახის წევრების მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია გააჩნიათ. ამოღებულია ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა.

პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დ.ხ.-ს რძლის - თ.შ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან, ამ ეტაპზე არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად, რადგან სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოქალაქე თ.შ.-ს თავის ტვინში აღენიშნება მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია თავის ტვინში სიმსივნის ზრდით, რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, შემდგომი კომატოზური მდგომარეობით, რისი დაკავშირებაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან შეუძლებელია,“-აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები