06 დეკემბერი 2024,   08:45
ვრცლად
უცნობის სიძე გიორგი შარაშიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფება

სახელმწიფო ქონების სავარაუდო გაფლანგვისა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილი შენობების უკანონო დემონტაჟის საქმეზე მომღერალ უცნობის სიძე ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული მოწმის სახით.

გიორგი შარაშიძის კუთვნილ კომპანიას, "ქონსტრაქტ ვიჟენს" სახელმწიფოსაგან 326 ლარად 13 000 კვადრატული მეტრი მიწა და 4 შენობა-ნაგებობა გადაეცა. კომპანიამ საინვესტიციო ვალდებულება ვერ შეასრულა და ქონება მოგვიანებით, სახელმწიფომ უკან დაიბრუნა, თუმცა 4-დან 3 შენობა-ნაგებობა იქ უკვე აღარ აღმოჩნდა. 

თავად "ქონსტრაქტ ვიჟენის" მფლობელის გიორგი შარაშიძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, საქმის რა ნაწილზე სურთ მისი დაკითხვა. 

“არ ვარ ინფორმირებული იმ ნაწილში, რა ნაწილშიც დღეს აქ ვარ დაბარებული. მხოლოდ ვიცი ზედაპირულად თემა და ასე, რომ არ გავუსწრებ მოვლენებს წინ. თუმცა, ეს ძალიან საეჭვოდ არის დამთხვეული იმასთან, რაც ჩვენ ვთქვით, რომ კარტელური გარიგებებია ქვეყანაში და ჩვენ გვაქვს შეტანილი ორ ინსტიტუციაში, ანუ სასამართლოში და კონკურენციის სააგენტოში ჩვენი საჩივარი და  დღეს 6 თვის წინანდელ თემაზე დაგვიბარეს დაკითხვაზე. კურიოზულ რაღაცას გეტყვით, ჩვენ 6 თვის წინ დავუბრუნეთ ქონების მართვის სააგენტოს მიწა და ჩვენ ასევე ჩამოგვერთვა საგარანტიო, 35 ათასი ლარის ოდენობით, ასე რომ დღეს რასთან დაკავშირებით დაგვიბარეს, არის აბსურდული,“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ადვოკატის შოთა მანელიძის თქმით, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის.

“იმ საუბრიდან გამომდინარე, რაც შედგა ჩემსა და გიორგის შორის, საერთოდ დანაშაულებრივი ქმედების არცერთი ნიშანი არ არსებობს,“ - აღნიშნა მანელიძემ. 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები