06 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
„ალბათ მისამართი შეეშალათ“ - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ვარაუდობს, რომ სპეცრაზმი მათთან შეცდომით შევიდა

თბილისში უკვე იმყოფებიან პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. 19 წლის ახალგაზრდის მამამ დღეს კიდევ ერთხელ გამორიცხა მისი შვილის კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებასთან. მალხაზ მაჩალიკაშვილი ვარაუდობს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მათ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი შეცდომით შევიდა.

„რასაც აბრალებენ აბსურდია, სიმართლეს არ შეეფერება. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეცდომით ხომ არ მოვიდნენ მეთქი. ალბათ მისამართი შეეშალათ. სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი კარგად უნდა იცოდნენ, სად უნდა ესროლონ, რა უნდა აკეთონ. გრანტებია აღებული, ვითომ ტერორისტებს ებრძვიან, ეს ფული სისხლში უნდა ამოიღონ, ვიღაც ჩემნაირი უბედური უნდა გამონახონ,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე 19 წლის ახალგაზრდა მის ძმისშვილს ტელეფონით ეკონტაქტებოდა.

„როგორც კი კარები შეამტვრიეს, მაშინვე სროლის ხმა იყო. ტელეფონით ჩემს ძმისშვილთან ყოფილა კავშირში მწოლიარე ლოგინში, ტელეფონიც გადავარდნილი აქვს გვერდით და ბალიშზეცაა ნასროლი, ლოგინიც გახვრეტილია,“ - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სასწრაფო დახმარების სპეციალურმა ბრიგადამ თელავიდან თბილისში გადმოიყვანა. 19 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმების განცხადებით, შესაძლებელი იქნება მას დედაქალაქში უფრო კვალიფიციური კვლევები ჩაუტარდეს.  

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი-რეანიმატოლოგის, ბაია დემურიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის თელავიდან თბილისში ტრანსპორტირებას არანაირი გართულება არ მოჰყოლია.  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები