22 დეკემბერი 2024,   08:14
ვრცლად
"ჩემი მოთხოვნაა, სასტიკად დაისაჯოს სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

კვლავ მძიმეა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ გუშინ გადმოიყვანა. ის ამ დროისთვის იმყოფება კომაზოტურ მდგომარეობაში. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯოს ის, ვინც მის შვილს ესროლა. 

”რომ ყოფილიყო ჩემი შვილი სადღაც რაღაცაში გარეული და შემჩნეული, მაგათ ჩემზე უკეთესად იციან ვინ სად არის, ვინ როგორ არის. თავში ათასი აზრი მომდის იმიტომ, რომ ვიცი, რომ ჩემი შვილი სუფთაა. ჩემი მოთხოვნა არის, დავამტკიცო ვინ ესროლა ჩემ შვილს და ის სასამართლოს წინაშე წარდგეს,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის მედიკო მარგოშვილის თქმით, ის სპეცრაზმელის გასამართლებას ითხოვს.  

“მე იმ ღამითაც განვაცხადე, მისამართი ხომ არ შეგეშალათ, რამდენიც გინდათ გაჩხრიკეთ, ვერაფერს ვერ ნახავთ. ჩემი მოთხოვნა არის, სასტიკად დაისაჯოს ეგ სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ,“ - განაცხადა მედიკო მარგოშვილი

ექიმის კახა ზურაბიშვილის თქმით, მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუმცა არც სტაბილურია.

“საკმაოდ მძიმე ტრავმაა, იმყოფება მონიტორულ კონტროლზე, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ამ დროისთვის ძალიან ადრეა პროგნოზების გაკეთება, ყოველ შემთხვევაში რაიმე დამაიმედებლის თქმა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არ არის გაუარესება, მაგრამ არც სტაბილურად არის,“ - განაცხადა კახა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები